აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუა დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს

აზერბაიჯანმა და თურქეთმა განიხილეს ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, მხარეებმ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს.


თურქეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა დღეს არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. პირველ რიგში, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰასან პეზუკთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის რკინიგზის სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარება, ყარს-ნახიჩევანის რკინიგზის ორმხრივი ინტერესი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს.

ასევე, მიღწეულია შეთანხმება ორი ქვეყნის სარკინიგზო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაცვლის შესახებ. მოგვიანებით რუსტამოვი TCDD Tasımacılık-ის გენერალურ დირექტორს უფუკ იალჩინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებები,“ წერს აზერბაიჯანული მედია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი დასრულებულია.