ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება.

ალიევის თქმით, ეს არის 100%–იანი აზერბაიჯანული ინვესტიცია (100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ამასთან, დაგეგმილია ხსენებული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდა ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ახალი შესაძლებლობები ახალი ტვირთების მისაღებად.“


„ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ გაგვეგრძელებინა ეს გზა სომხეთის გავლით, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს,  შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ ხიდს სომხეთის გვერდის ავლით. ასევე ვმუშაობთ მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრიანი რკინიგზის აშენებისთვის. შემდეგ ის გაივლის ნახიჩევანს და იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან.

თურქული მხრიდან გვაცნობეს, რომ იგეგმება ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობაც. ასე რომ, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე კი, ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით.

ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასობაში ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამ მიზნით ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის,“ - განაცხადა ალიევმა.

BTK აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს.



აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.


მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება.


BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.