მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილი, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს

70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.


განცხადების ხელმომწერთა შორის არიან:

  • არჩილ ქიქოძე,
  • ლევან ბერძენიშვილი
  • პაატა შამუგია
  • ტორესა მოსი
  • მაია ცირამუა
  • ზვიად კვარაცხელია
  • ირაკლი ლომოური
  • გვანცა ჯობავა
  • იაკი კაბე
  • ნინო ლეჟავა
  • ნიკა სამუშია
  • გიორგი მაისურაძე.

„არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება,“ - წერია განცხადებაში.

მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.


„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ,“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები.

„ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც,“ - ნათქვამია განცხადებშაში.


პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.


ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.