„პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს ჩვენ შევხვდით, რათა განგვეხილა NATO-ს როლი ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში და შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის, NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს.


ჩვენ ხაზი გავუსვით პრეზიდენტ პუტინისადმი მკაფიო, გადამწყვეტი გზავნილის გაგზავნის მნიშვნელობას, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. განვიხილეთ ჩინეთის მზარდი საფრთხე და გამოწვევა, შევთანხმდით, რომ NATO-ში ერთად დგომა გლობალური კონკურენციისთვის უკეთ მომზადების საშუალებას გვაძლევს,“ - წერენ განცხადების ავტორები.


„ჩვენ დავგმეთ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, მისი მხარდაჭერა მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ მოკავშირეთა ძალებს, კომერციულ გადაზიდვებსა და ისრაელის მსგავს მნიშვნელოვან პარტნიორებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.