ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რომ კრემლი ირანის მხარდაჭერას აორმაგებს იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები იწყებს ერაყში, სირიასა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ იერიშებს ააქტიურებს. ISW რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საპასუხო დარტყმები დაგმო. საგარეო უწყების სპიკერის მარია ზახაროვას მტკიცებით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმები „კონკრეტულად არის შექმნილი“ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივებისთვის.“ გარდა ამისა, მან გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმაში მონაწილეობის გამო.
აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, რომელიც 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუთებზე ხომალდებითა და ავიაგამანადგურებლებით ერთობლივი იერიშები განახოერციელეს. დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამ დარტყმებამდე მათ თავდაცვის მიზნით იერიში მიიტანეს ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზეც, რომლებიც გასაშვებად იყო მზად. მათი თქმით, ეს რაკეტები საფრთხეს უქმნიდა როგორც აშშ-ის საზღვაო ძალებს, ისე სავაჭრო ხომალდებს.
ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, სავაჭრო გემებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ომი კი 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა. იანვარში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჰუსიტების ობიექტებს უკვე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს.
ჰუსიტები წითელ ზღვაში, მათ შორის, ამერიკის სამხედრო გემებზე თავდასხმებს - უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით აგრძელებენ.
აშშ-მ და ბრიტანეთმა ჰუსიტების ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს.
ჰუსიტები იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის, დედაქალაქ სანას აკონტროლებენ.
წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც აზიას ევროპასთან, მათ შორის, საქართველოსთან აკავშირებს.
წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო, მსოფლიოს უმსხვილესმა გადამზიდავებმა გადაწყვიტეს, აფრიკას შემოუარონ და ისე შევიდნენ ხმელთაშუა და შავ ზღვებში.