ელჩი დანიგანი: ყველას გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვნახოთ

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. რობინ დანიგანის თქმით, აშშ ქართველ პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.


„არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ, აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი დემოკრატიისა, აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი.

სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ რუსთავი2-ის ეთერში.


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.