რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს იმ პირებსა და ფირმებს, რომლებიც რუსული იარაღის წარმოებაში არიან ჩართულნი, ასევე - მონაწილეობენ იმ ძირითადი ტექნოლოგიების წარმოებაში, რომლებსაც რუსული თავდაცვის კომპანიები იარაღის შესაქმნელად იყენებენ. რუსეთის მიერ 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისია სანქციების მე-13 პაკეტის ამოქმედებას ისახავს მიზნად.


ახალი პაკეტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Bloomberg იტყობინება, რომ სანქციების სამიზნე იქნება 55 კომპანია და 60-ზე მეტი პირი, რომლებიც რუსეთში იარაღის წარმოებაში მონაწილეობენ. შესაძლოა, ასევე დაზარალდნენ გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში, საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ.


როგორც უკრაინული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების პაკეტის შინაარსი ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, ზოგიერთი უკვე იმედგაცრუებული იყო, რადგან ახალი პაკეტი სავარაუდოდ, იმპორტის დამატებით აკრძალვებს არ მოიცავს.

„სანქციების მე-13 პაკეტი „დღემდე ყველაზე სუსტი და არაამბიციური პაკეტი იქნება,“ ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.