რუმინეთმა სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, NATO-ს რუმინეთის ტერიტორიაზე მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგების უფლება მისცა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს წერილით განუცხადა, იუწყება Euractiv.
„ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს რუმინეთის ტერიტორიაზე ძალზე სწრაფი რეაგირების ერთობლივი ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უეცარი უსაფრთხოების სერიოზული კრიზისის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს; მოახდინოს კრიზისზე რეაგირება და მისი ესკალაციის პრევენცია,“ - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
„ამ ძალების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, 72 საათის განმავლობაში, საჭიროა წინასწარი თანხმობა მათი განლაგების ან ქვეყნის გავლით ტრანზიტის შესახებ,“ აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი. რუმინეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში, მომავალ სესიაზე განიხილავს.
მანამდე რუმინეთის შტაბის უფროსმა ვლად გეორგიტამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს, კრემლის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება. მისი აზრით, რუმინეთი მზად უნდა იყოს პოტენციური კონფლიქტისთვის. ამის შემდეგ რუმინეთის პრემიერ-მინისტრი სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი არცერთ ომში არ ჩაერთვება.