საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პროგრამას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“ და ორი სხვა კლინიკა, მათ შორის „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.
კლინიკებს შორის, რომლებშიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობაა შესაძლებელი ასევე არის:
თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“;
ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“;
ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
„18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“ - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.