რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია - პრეზიდენტი

შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.


„ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში  საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს,“ უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.

  • დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში.

ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში ისევე როგორც 2022 წელს, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.