ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „დიდ პაკეტს“ ამზადებს

შეერთებული შტატები პარასკევს, 23 თებერვალს, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს ამ პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმაზე, რაც მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა AFP-ის ცნობით.


მან არ დააკონკრეტა ამ პაკეტის დეტალები, მაგრამ, როგორც AFP აღნიშნავს, მისი განცხადება ასევე ემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.