ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს - მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი.
„მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ - ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს," - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის სიტყვებსაც BBC ციტირებს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.