ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტთან „გაუგებრობის“ ამოწურვასა და აშშ-სთან პარტნიორობაში გარკვეულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კარგია, რომ ევროპარლამენტში პრაქტიკა შეიცვალა და უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან.


„ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის.


სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის, თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან.


შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციებმა გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით.


უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა,“ - განაცხადა კობახიძემ.


მან აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისს სურს, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ჯერ ჩინეთის ელჩთან და შემდეგ ამერიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას და აქედან გამომდინარე იმას, „ხომ არ გადაალაგა პრიორიტეტები“ საქართველომ.


„პრიორიტეტები არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და შესაბამისად, პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ჩართულნი ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო პარტნიორობის განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღსდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ – განაცხადა კობახიძემ.


„რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, 6-7 წელი იქნება.

ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.


მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოითქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის.

გავიმეორებ ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებთან.

გავიმეორებ, ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება,“ - განაცხადა კობახიძემ.

მან ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.