გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგს წარუდგინა მოხსენება „სამოქალაქო თავდაცვის რისკის ანალიზი“, რომელშიც აღწერილია უსახელო აგრესორსა და NATO-ს შორის შესაძლო კონფლიქტის ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი, რომელიც ეფუძნება რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. დოკუმენტი უკრაინული მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
მოხსენების თანახმად, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა, რომ თანამედროვე ომი აერთიანებს კლასიკურ და არატრადიციულ ოპერაციებს, ეს უკანასკნელი მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და დივერსიებს.
„აგრესორის თავდასხმა - ჰიბრიდული და/ან თანამედროვე შეიარაღებული ძალების სრული არსენალის გამოყენებით ყველა განზომილებაში (სახმელეთო, საჰაერო/კოსმოსური, ზღვა, კიბერი და ინფორმაცია) NATO-ს ტერიტორიაზე - შესაბამისად, სავარაუდო სცენარია,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები შემდეგ ხაზს უსვამენ ასეთი თავდასხმის ერთ-ერთ სცენარს, ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო სცენარია და არ აკონკრეტებენ, რას ითვალისწინებენ სხვა სცენარები. ეს სცენარი კონფლიქტს ოთხ ფაზად ჰყოფს.
I ფაზა გრძელდება რამდენიმე წელი სხვადასხვა ინტენსივობით და მოიცავს აგრესორის ჰიბრიდულ გავლენას: ჯაშუშობას, კიბერშეტევებს, დივერსიებს და თავდასხმებს სასიცოცხლო და თავდაცვის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ფაზის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ჰიბრიდული გავლენა ხორციელდება ფარულად და არ შეიძლება, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს აგრესორს.
II ფაზა გრძელდება რამდენიმე თვე და მოიცავს აგრესორი ძალების განლაგებას NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე – და საპასუხოდ NATO-ს შემაკავებელი ძალების განლაგებას. ჰიბრიდული გავლენა გრძელდება, მაგრამ ხდება უფრო ინტენსიური და ნაკლებად ფარული.
III ფაზა, რომელიც გრძელდება სულ მცირე ერთი წელი, მოიცავს ღია სამხედრო აგრესიას NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ - შერჩევითი თავდასხმები ჩვეულებრივი და არატრადიციული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, გერმანიაში სამიზნეების წინააღმდეგ, ასევე კოსმოსში თანამგზავრების შესაძლო შეფერხებას.
საბოლოოდ, IV ფაზის დროს, აგრესორის ჯარები გაარღვევენ NATO-ს თავდაცვით ხაზებს გერმანიაში. კოსმოსში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირებაც იგეგმება. სცენარი ვარაუდობს, რომ ეს ეტაპი დასრულდება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არა უადრეს რამდენიმე თვის შემდეგ.“
ანგარიშში გერმანიის მთავრობა გვთავაზობს, რომ ეს სცენარი გამოყენებული უნდა იყოს, როგორც საფუძველი სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციის შესაქმნელად, და რომ შესაბამის უწყებებს შეეძლოთ შემდგომი "ქვესცენარების" მოდელირება უფრო ეფექტიანი თავდაცვისთვის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუნდესვერი ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ადგენს ახალ ყოვლისმომცველ ოპერატიული თავდაცვის გეგმას, რაც ითვალისწინებს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. გერმანიის თავდაცვის გეგმა კლასიფიცირებულია, როგორც "საიდუმლო", ასობით გვერდს მოიცავს და სავარაუდოდ, მასზე მუშაობა მარტის ბოლოს დასრულდება.
რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.