მოლდოვას მთავრობამ დაამტკიცა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) შეჩერება, იუწყება PRO.TV.
ეს დოკუმენტი აწესებს იგივე შეზღუდვებს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე ყველა მონაწილე ქვეყნისთვის და ასევე ზღუდავს შეიარაღებული ძალების რაოდენობას ხელშეკრულების ზონაში.
- ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში, პარიზში მოაწერეს ხელი NATO-ს წევრმა 16-მა სახელმწიფომ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე 6-მა ქვეყანამ.
- 1999 წელს, სტამბოლში, ეუთოს სამიტზე გაფორმდა ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა, ის რატიფიცირებული არ ყოფილა NATO-ს სახელმწიფოების მიერ.
- 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ბრძანებას, 2023 წლის მაისში კი, პარლამენტს მიმართა ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით.
- დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ, 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს დენონსაციის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადად 7 ნოემბერი განისაზღვრა. რუსეთი ხელშეკრულების დენონსაციას აბრალებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დესტრუქციულ პოზიციას“ და ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში დოკუმენტის არსებობა არ შეესაბამებოდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა მოლდოვის გადაწყვეტილებას რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.
მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს.
რუსეთმა გასული წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამ დოკუმენტით შეზღუდული იყო ხელმომწერი ქვეყნების საბრძოლო ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიის, ვერტმფრენების და თვითმფრინავების რაოდენობა.