უკრაინის საკითხზე ბრატისლავის პოზიციის გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის დაპირისპირება მწვავდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჩეხეთი სლოვაკეთთან ურთიერთობის „საფრთხის ქვეშ“ დაყენაბაში დაადანაშაულა. მან ეს განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც გადადო ორ ქვეყანას შორის აპრილში დაგეგმილი კონსულტაციები. ფიალა ამ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე ორ ქვეყანას შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობით ამართლებდა.


„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა.


„ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს ისეთი მსოფლმხედველობით არ დავამძიმებთ, რომელსაც სლოვაკურ-ჩეხურ თანაარსებობასთან საერთო არაფერი აქვს,“ - აღნიშნა ფიცომ.

6 მარტს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებული შეხედულებების გამო, უახლოეს მომავალში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის კონსულტაციები არ გაიმართება.


პრაღამ გააკრიტიკა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ანტალიაში, თურქეთში, მარტის დასაწყისში შედგა.


„ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს მეორე მხარეს ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვწუხვარ, რომ ჩვენი სლოვაკი კოლეგები არ იზიარებენ ამ პერსპექტივას,“ - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.