შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია

სტოქჰოლმმა ვაშინგტონს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან შვედეთის მიერთების შესახებ დამტკიცებული დოკუმენტი ოფიციალურად გადასცა. “ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, ნება მომეცით, განვაცხადო: მივესალმოთ შვედეთს, როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულების ნაწილს და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) 32-ე წევრს,”განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დოკუმენტის გადაცემის შემდეგ.

მანამდე, დოკუმენტი შვედეთის მთავრობამ დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, გაწევრიანების პროტოკოლის ძალაში შესვლის შესახებ დღეს, 7 მარტს გამოაცხადა.


შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები.


ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები.

დაგეგმილია პრესკონფერენციები.


2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო.


26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს.

რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა.