ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის

კრემლი იმედოვნებს, რომ დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას, მოლდოვაში ჰიბრიდული ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენებს. მოსკოვის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისა და ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ დასკვნამდე ISW-ს ანალიტიკოსები მივიდნენ.

როგორც ცნობილია, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ცდილობს,“ - წერს გუცული ტელეგრამ არხზე.


ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა.

„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს,“ - აღნიშნა გუცულმა.


მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს.

ომის შემსწავლელი ამერიკლი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლის მხრიდან გაზრდილი ფოკუსი გაგაუზიასთან ურთიერთობებზე, მოლდოვის კიდევ ერთი პრორუსული რეგიონის, დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართ ბოლოდროინდელი რიტორიკის შემდეგ, კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი იმედოვნებს ამ ორივე რეგიონის გამოყენებას ჰიბრიდული ოპერაციების გასამართლებლად, რადგან ის მიზნად ისახავს მოლდოვაში დესტაბილიზაციას და შემდგომ პოლარიზაციას.


შეგახსენებთ, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.


რაც შეეხება გაგაუზიას, ეს არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას. გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.