აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით.
აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა, ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას.
სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში - „წლიური საფრთხეების შეფასება“ ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე.
„ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით,“ - აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს,“ - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.