რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასეთის, კრასნოიარსკისა და ალთაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე ალთაისა და ტუვას რესპუბლიკებში. საარჩევნო უბნები გაიხსნა ირკუტსკის ოლქსა და ბურიატეთშიც.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.
- რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
- პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
- 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
- ვლადიმერ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.
- 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში მიეცა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდა. რთულად მისადგომ ადგილებში 25 თებერვლიდან ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.
რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.