ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ით გაიმარჯვა, ცდილობს, ეს შედეგი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის გამოიყენოს.
18 მარტს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელია. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგების გამოცხადება 18 მარტს დაემთხვა, როცა რუსეთში ყირიმის „დაბრუნების“ მეათე წლისთავს აღნიშნავდნენ.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პუტინმა 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შედეგად ოკუპირებულ და ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში მიიღო ხმების 88,12%-დან 95,23%-მდე. ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზეც, რომ არმიის პირადი შემადგენლობის 97,27%-მა ხმა პუტინს მისცა. ISW წერს, რომ უკრაინის რეგიონებში პუტინის „სარეკორდო“ მხარდაჭერა, როგორც ჩანს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორგანიზებული გაყალბების და იქ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების იძულების შედეგია.
პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა მოულოდნელი იყო, აჩვენებს, რომ ხალხი რუსეთის მადლიერია და რუსეთიც ისევ ყველაფერს გააკეთებს მათ „დასაცავად". ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი განაგრძობს საინფორმაციო ველის შექმნას დაცვის საბაბით უკრაინაში ხანგრძლივი ომის და ოკუპაციის გასამართლებლად, მაშინ როცა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანებისთვის რეალური საფრთხე მხოლოდ რუსეთის აგრესიაა.
დასავლეთის შეფასებით, არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავდა და არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.