რუმინეთში, უკრაინის საზღვართან „დრონის მსგავსი ფრაგმენტები“ იპოვეს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის მსგავსი ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან აღმოაჩინეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„კუნძულ დიდ ბრაილაზე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლო დრონის ელემენტები აღმოაჩინეს. ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად, პარასკევს, 2024 წლის 29 მარტს, სპეციალური ოპერატიული პროცედურების შესაბამისად აწარმოებს გამოძიებას მომხდარ ფაქტზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევი აღმოჩნდა.

ბუქარესტის შეფასებით, რუმინეთი NATO-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. ბუქარესტი NATO-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.