ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი, 31 მარტს, ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ და გახსნეს საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობა სასაზღვრო შემოწმებების გარეშე. თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია, თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია.
„ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - წერს ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები გავრცელდება ოთხ საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე - ქვეყნის ოტოპენის აეროპორტი, დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად, შენგენის ფრენების უდიდეს ცენტრს წარმოადგენს.
ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს მან პოზიცია შეცვალა.
თავდაპირველი შენგენის ხელშეკრულება 1985 წელს გაფორმდა, როდესაც ევროპის რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო ( გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ შეთანხმდა. მომდევნო წლებში ზონა ეტაპობრივად გაფართოვდა და 2007 წელს მას ყოფილი სოციალისტური ბანაკის და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.