ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.


მირიამ ლექსმანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.“ ის ასევე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატებს მიკროფონს გამოურთავდა თუ ისინი შემოთავაზებულ კანონპროექტს რუსულს უწოდებდნენ. ლექსმანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, ჩაახშოს სიმართლე."


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს.