NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით. მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება, იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, რა ხდება მოლდოვაში.
„უნდა ველოდოთ რუსეთის დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში. საპრეზიდენტო არჩევნებში (რუმინეთში) არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება პროდასავლური ძალების გამარჯვების ხელის შეშლისა და ხელისუფლებაში უფრო ხელსაყრელი ვინმეს მოყვანის მცდელობაში,“ - განაცხადა მირჩა ჯოანამ, რომელიც რუმინეთის წარმომადგენელია. მისი თქმით, „რუსეთი და სხვები“ შეეცდებიან, დაეხმარონ იმ ძალებს, რომლებიც, შესაძლოა, აუცილებლად პრორუსული არ არიან, მაგრამ ანტიდასავლური არიან.
როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.