საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისი თქმით, "ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან".
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გარედან შეჭრის მცდელობა იყო.
„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვიწრო აივანზე არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა. იყო ეს ხმამაღალი საუბარი. სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ძალიან ვიწრო აივანი. ბევრი ხალხი იყო ასული. არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს", - აცხადებს დეკანოზი.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო