პაველ ჰერჩინსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული

„ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც ევროპული და არც ამერიკული არ არის.


„ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები.

გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავსუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის.

ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ.


მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.