„საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი," განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო თანმიმდევრულად მიუყვება იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიქმნა და რომელთან მიმართებით ქვეყანა მუშაობს ევროკომისიასთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ, ერთი მხრივ, უკვე გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე და, მეორე მხრივ, ვისაუბრებთ იმ სამოქმედო გეგმის შემდგომ შესრულებაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რეფორმების დღის წესრიგის შემდგომ იმპლემენტაციას," -აღნიშნა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს," - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს.
„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა," აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობასთან.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი". როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე."
ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.
5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.
ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია