სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიიკ ჰარუთუნიანმა საექსპერტო კონფერენციაზე „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: კონცეფციიდან რეალობამდე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე.
სომხური მედიის ცნობით, ჰარუთუნიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროფესიული პლატფორმა კიდევ ერთი იმპულსი გახდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა უაღრესად აფასებს ექსპერტთა საზოგადოების აზრს და როლს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში.
„სომხეთისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ბირთვი არის ღირებულებითი სისტემების მსგავსება, რომელიც გადაჯაჭვულია იდენტურ იდეებთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, კანონის უპირობო უზენაესობის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება. დღის წესრიგში დგას სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის გააქტიურების საკითხი,“ - განაცხადა ჰარუთიუნიანმა.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეალობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილიზაციას და კეთილდღეობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს თბილისის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პარტნიორობის სამართლებრივი საფუძველია 2017 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება, რომელმაც შექმნა პარტნიორობის ინსტიტუციური საფუძველი.
შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ამ ხელშეკრულების დებულებების განხორციელების საგზაო რუკა. ევროკავშირთან თანამშრომლობამ უკვე შეუწყო ხელი სომხეთში მართლმსაჯულების, საჯარო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და სხვა რიგ სფეროებში რეფორმების განხორციელებას. ევროკავშირთან ერთად და მისი მხარდაჭერით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის და დივერსიფიკაციას უკეთებს საგარეო პოლიტიკას ახალი კავშირების დამყარებითა და გაღრმავებით, რის შედეგადაც მთავრობა ცდილობს განავითაროს ურთიერთობები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ მოთამაშეებთან და გააგრძელოს ურთიერთობა ტრადიციულ პარტნიორებთან. სომხეთის რესპუბლიკისთვის კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის, უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და ახალი პარტნიორობის დამყარება თავდაცვის სექტორში.
„შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება მოაქვს ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს, მათ შორის, ჩვენს რეგიონს. ამ თვალსაზრისით, ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ამ გამოწვევებისა და საფრთხეების დასაძლევად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ გამოწვევების, არამედ, ახალი შესაძლებლობების წინაშე დგანან. თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების გამოვლენა, ეკონომიკური კავშირების გაფართოება, რეგიონში რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობა გვიხსნის პერსპექტივებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენმა სახელმწიფოებმა და ხალხებმა,“ - განაცხადა ჰარუთუნიანმა.
მან გაიხსენა, რომ სომხეთის მთავრობამ წარადგინა პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, მათ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კავშირების განვითარებას.
რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვის მიზნით, პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“ გულისხმობს გზების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და ინტერნეტ კაბელების სიმძლავრის მნიშვნელოვან გაზრდას შავ ზღვასა და სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის.
„მშვიდიბის გზაჯვარედინის“ კონცეფციის ჩრდილო-სამხრეთი ნაწილი, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების შემთხვევაში გულისხმობს სარკინიგზო კავშირის შექმნას, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილს შეუძლია, დააკავშიროს კასპიის ზღვა სომხეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვისა და თურქეთის შავი ზღვის პორტებთან.
„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყნები ეძებენ ახალ სატრანსპორტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამხრეთ კავკასია შეიძლება, გახდეს ახალი სატრანზიტო კერა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. დასასრულს, მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს კონფერენცია გახდება ეფექტიანი პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის საექსპერტო მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლისთვის,“ - აჯამებს ჰარუთუნიანი.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა გორ წარუკიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მის ხელმძღვანელობით სტრუქტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, საექსპერტო წრეებთან თანამშრომლობას.
„ჩვენ დაგვევალა დიდი მისია - მივიყვანოთ დიალოგი ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ექსპერტულ წრეებს შორის იმ პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე, რაც დღეს არსებობს სომხეთსა და საქართველოს შორის.
ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამას მოწმობს ბოლო წლების აქტიურობა, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, ორმხრივი ვიზიტები და მათი გააქტიურება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ამ თვალსაზრისით სავალდებულოა, ამიტომ ჩვენი სამომავლო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს მას,“ - განაცხადა წარუკიანმა.