ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას და დიპლომატები იმუშავებენ მასზე უახლოეს დღეებში, რათა მინისტრებმა კვლავ განიხილონ ის ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ასევე დააყენა ირანის დომინანტური სამხედრო ძალის, რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ჯოზეფ ბორელმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ კორპუსი შეიძლება მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდეს, თუ ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჯგუფი ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული.
თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
„ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალ სანქციებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ,“ - განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ. მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობის აღსაკვეთად.“