უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნა. პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს, რომელსაც შეუძლია, რომ სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის მკვლევარი პიტერ დიკინსონი მიიჩნევს, რომ ATACMS-ის რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნეებზე დარტყმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა რეგიონში განახორციელოს.
ანალიტიკოსების აზრით, ATACMS-ის რაკეტები განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა, თვითმფრინავები აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები. ამასთან, კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტიების მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის სარდლობა აიძულოს, ბაზები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან გადაიტანოს, რაც, თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვას შეასუსტებს.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.
„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.
შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
ამავე თემაზე: ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება