რუმინეთი 5000 ჯარისკაცის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს, რაც NATO-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის სიმულაციას წარმოადგენს. ამის შესახებ Digi24 იტყობინება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები რუმინეთში ხუთი ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით ჩატარდება. წვრთნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების მიერ გაწეული დახმარების სიმულირებასაც მოახდენს.
პირველი უცხოელი ჯარისკაცები რუმინეთში 15 სექტემბერს ჩავლენ. ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში ჯავშანმანქანები და ტანკებიც გამოჩნდება.
წვრთნები რამდენიმე ქალაქში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას, რუმინელი ჯარისკაცების გარდა, ფრანგი, ბელგიელი, ესპანელი, ლუქსემბურგელი და პორტუგალიელი სამხედროებიც მიიღებენ. ისინი რუმინეთში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე დარჩებიან.
რუმინეთში მიიჩნევენ, რომ ეს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ფლანგის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.