სახელმწიფო დეპარტამენტი: მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან

ვაშინგტონი კვლავ აკრიტიკებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან.


„რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში, ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენს მოწოდებად ისევ რჩება, რომ ეს მშვიდობიანი იყოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმობთ ნებისმიერ ნაბიჯებს, რომლებიც ამ სახის პროტესტებს უბიძგებს, გახდეს ძალადობრივი.


მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კანონპროექტამდე მიდის, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ზეწოლას ახდენს მედია ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა,” - განაცხადა პატელმა.


შეგახსენებთ, ბოლოს, სპეციალური განცხადების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 18 აპრილს ტრადიციული პრესკონფერენციის დროსაც გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი. უწყების პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას.


ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.