„ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები“ - სი ძინპინი ბლინკენს მასპინძლობს

სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენი მეორედ სტუმრობს ჩინეთს. ენტონი ბლინკენი ჩინეთში 24 აპრილს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა. მანამდე ის ჩინელ კოლეგას ვან ისთან გამართ მოლაპარაკება. 


„დღეს მქონდა სიღრმისეული და არსებითი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ის სფეროები, სადაც განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ამასთან, ვისაუბრეთ საერთო ინტერესის სფეროებზე - როგორიცაა, ნარკოტიკების საწინააღმდეგო ქმედებები - სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავამყაროთ პროგრესი, რათა მივიღოთ სარგებელი ორივე ჩვენი ხალხისთვის,“ დაწერა ბლინკენმა X-ზე.


თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ ჩინეთი და აშშ დგანან სტაბილურობასა და „დაღმავალ სპირალს“ შორის არჩევანის წინაშე.

„ნეგატიური ფაქტორები ურთიერთობაში კვლავ იზრდება და ურთიერთობა შეფერხებების წინაშე დგება. ჩინეთის ლეგიტიმური განვითარების უფლებები დაუსაბუთებლად იქნა ჩახშობილი და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე დგას.


ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტაბილურობით წინსვლისთვის სწორი მიმართულება უნდა დაიცვან, თუ დაღმავალ სპირალს დაუბრუნდნენ? ეს არის მთავარი კითხვა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე, რომელიც ამოწმებს ჩვენს გულწრფელობას და შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დასაწყისში და შეერთებული შტატები გააფრთხილა, არ გადააბიჯოს ჩინეთის წითელ ხაზებს ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესებთან დაკავშირებით.


„ჩვენ უნდა წარვმართოთ საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე და მივაღწიოთ გამარჯვებას ყველასთვის, თუ ჩავერთოთ მეტოქეობაში, დაპირისპირებაში ან თუნდაც კონფლიქტში, რაც ყველასთვის წაგება იქნება? საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ჩვენს პასუხს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


აშშ-მ კონტროლი დააწესა, ჩინულ მაღალტექნოლოგიურ საქონელზე, რომელსაც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს, ასევე, ზღუდავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინულ ზოგ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. ვაშინგტონის შეფასებით, ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, რასაც პეკინი აფასებს პოლიტიკად, რომელიც მიმართულია ჩინეთის განვითარების შესაფერხებლად. როგორც BBC წერს, ჩინეთი აფრთხილებს აშშ-ს "წითელი ხაზების" გადაკვეთის შესახებ.


ბრიტანული მედიის ცნობით, სი ძინპინმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ "პარტნიორები და არა კონკურენტები."

ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მომგებიანი თანამშრომლობისკენ. „[ორი ქვეყანა] უნდა მივიდეს მიღწევებამდე ერთმანეთისთვის და მათ არ უნდა დააზიანონ ერთმანეთი,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა Xinhua-ს ცნობით.


მისივე ცნობით, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა „საერთო საფუძველი უნდა მოიძიონ, ხოლო განსხვავებები შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ მანკიერ კონკურენციაში.“


„ისინი უნდა დარჩნენ თავიანთი სიტყვების ერთგულნი, ვიდრე ერთი რამ თქვან და მეორე გააკეთონ.“ „ჩინეთისა და აშშ-სთვის შესაძლებელია "ერთად განვითარდნენ და კეთილდღეობას ცალ-ცალკე მიაღწიონ."


„ჩინეთი ბედნიერია, ხედავდეს თავდაჯერებულ, ღია და წარმატებულ შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას," განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ TikTok-ს აიძულებს, გაყიდოს ვიდეო აპი ან აიკრძალოს ის ამერიკაში. გასულ კვირას ვაშინგტონმა დაამტკიცა მისი უახლესი დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავდა სამხედრო დახმარებას ტაივანისთვის, რასაც პეკინისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.