Reuters-ის ცნობით, გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. სააგენტო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს გაეცნო.
გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. გაეროს სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში იმყოფებოდა. მათ დამოუკიდებლად ვერ დაადგინეს, კონკრეტულად საიდან ისროლეს ბალისტიკური რაკეტა, თუმცა უკრაინული მხარისგან მიღებული მონაცემები ტრაექტორიის შესახებ მიუთითებს, რომ ხარკოვს ამ რაკეტით რუსეთის ტერიტორიიდან შეუტიეს.
გაეროს ექსპერტები უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთის განკარგულებაში ამ რაკეტის არსებობა მიუთოთებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს და დაარღვიეს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამის გამო სანქციები 2006 წელს დაუწესა, მათ შორის, რუსეთის თანხმობით.
მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას უარყოფს. 2024 წლის მარტში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტო დაადო ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების დაცვაზე მონიტორინგის ჯგუფის მანდატის გაგრძელებას. შესაბამისად, ამ ჯგუფის 15-წლიანი მანდატის მოქმედების ვადა დღეს, 30 აპრილს ამოიწურება.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენების შესახებ პირველად 2024 წლის 4 იანვარს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება დაიწყო.
9 იანვარს ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა შეუერთდნენ.
2024 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 20-ზე მეტი ჩრდილოკორეული რაკეტა.