რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ „ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში საუბრის წინ განუცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების შეშფოთება არსებობს.“
შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, ვაჭრობის სფეროში გასულ წელს დიდი ზრდა დაფიქსირდა და ასეთი ზრდა აქამდე არ ყოფილა.“
თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
პუტინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა.
„ღია რეჟიმში ამაზე დეტალურ საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა არის შესაძლებლობა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექსზე, მათ შორის, შევეხოთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც,“ – განაცხადა პუტინმა.
ნიკოლ ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, სომხეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბარი გამართა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერთან ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა.
„საბჭოს სხდომის დროს ეკონომიკური ბლოკი უკვე განვიხილეთ. და ახლა ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონულ საკითხებს,“ – განაცხადა ფაშინიანმა კრემლის ცნობით.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა. ფაშინიანმა გუშინ განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას.
ცნობილია, რომ უფრო ადრე, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.
Washington Post-ი წერს, რომ „სომხეთის კავშირები მის დიდი ხნის სპონსორთან და მოკავშირე რუსეთთან სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ელვისებური სამხედრო კამპანია ჩაატარა სექტემბერში ყარაბაღის რეგიონის დასაბრუნებლად, რითაც დასრულდა იქ ეთნიკური სომეხი სეპარატისტების სამი ათწლეულის მმართველობა.“ კრემლი, თავის მხრივ, აღშფოთებულია ფაშინიანის მცდელობით, გააღრმაოს კავშირები დასავლეთთან და დაშორდეს თავისი ქვეყანა მოსკოვის დომინირებულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ალიანსებს.
რუსეთი ასევე აღშფოთებული იყო სომხეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც შარშან პუტინს ბრალი წაუყენა სავარაუდო ომის დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან.
მოსკოვი, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება ერევნის დასავლეთისკენ სვლის გამო, მაგრამ ცდილობდა, შეემცირებინა განსხვავებები. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს აღიარა, რომ "ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებია", მაგრამ დასძინა, რომ "არსებობს პოლიტიკური ნება დიალოგის გასაგრძელებლად."
უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
-
ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას
-
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი
-
სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი