საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ელჩის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი არ არის თავსებადი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.
„ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფო ვიზიარებთ.
გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იყოს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ კანონი იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, სხვა არჩევანი არ ექნებათ, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა,“ - აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პრემიერ კობახიძის განცხადებას.
„საქართველოში კანონები საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სხვა ვინმემ, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა, პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა შედეგები მოჰყვება ამ კანონპროექტის მიღებას.
კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ამ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში.
ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც არის სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იურიდიული დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრების შემდეგ. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის შეკითხვების საპასუხოდ.
გარდა ამისა, ელჩმა გუშინდელ ევროპულ მარშზეც ისაუბრა.
„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი.
„ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ, წვიმის მიუხედავად გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არსებული სახით არ მიიღება.
რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი დავაორგანიზეთ, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩავერთოთ, მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით,“ - აღნიშნა დიპლომატმა.
11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.