ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

15 მაისს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ეწვევა.


ლატვიის საგარეო უწყების ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.


ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“


ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებით,“ წერს ლატვიის საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 10 მაისს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადება გავრცელდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.


ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს.


11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.

13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.


პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.