რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საკუთარი გზა ევროპისკენ, რასაც პარტნიორები მხარს უჭერენ, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის ვალდებულებებსაც. „ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს მესიჯი ჩამოვიტანეთ როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა, გთხოვთ მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს,“ ამბობს მინისტრი.


„სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე. გვჯერა, რომ ეს ყველა ქვეყნის უფლებაა. თუმცა, ასევე, ვალდებულებებია. ვალდებულებები სამართლებრივი - სასამართლო სისტემის მხრივ, ძალიან ბევრი პრაქტიკული და რთული რამ არის გასაკეთებელი. ამ კანონის, ამ კანონპროექტის შემთხვევაში, თუ როგორ იყო ის მიღებული. ასევე, იმ მხრივ, თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს - დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ - ეს ნორმალური არ არის. ეს იყო ჩვენი მესიჯი.


ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით. ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება.

კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს,” - განაცხადა ბრაჟემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.


თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა.“


„ჩვენ აქ იმის შესახებ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. ჩვენ აქ როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ჩამოვედით და არა ადვოკატირებისთვის, არამედ მხოლოდ ფაქტების გასაჟღერებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია და, სამწუხაროდ, შუაში ყოფნის არჩევანი არ არის.


რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი. მე დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთს საქართველო როგორც ისტორიულად, ისე, დღესაც ადარდებს. ჩვენ ქართველი ხალხი გვადარდებს, ჩვენ ისტორიულად საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს და მის რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერთ და გიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს კანონი სიმბოლოა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს.


ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ახორციელებ, სარგებელს იღებ, როგორც უვიზო მიმოსვლა ან ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობაა. როდესაც საქართველო ამ გზაზე უკან დაიხევს, თქვენ ამ ყველაფერს დაკარგავთ და ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და რეპრესიებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს. მაგრამ ჩვენ ქართველ ხალხს ვარწმუნებთ, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი მომავალი სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეაფერხებს საქართველოს პროგრესს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და „წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება განადგურდეს. ის ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. „ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მზიანი არის გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართულებით, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას მიტაცებული ვინმეს მიერ. 


ჩვენი მეორე მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს. საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე და არასდროს ყოფილა ამდენად ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნასთან, როგორც ამას გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ ის გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს,“ ამბობს ლანდსბერგისი.

15 მაისს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ისლანდიელ, ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა:


„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, როგორც ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ადარდებთ თქვენი ევროპული მომავალი.“

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი ამბების გარეკანებზე მოხვდა, ვინაიდან ხელისუფლებამ უკან დააბრუნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ და გამოიყენეს ძალადობრივი აქტები დემონსტრანტების, აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„მაგრამ ასევე ვნახეთ გამძლეობა, რაც აჩვენა ქართველმა ხალხმა. ძალადობის და პროპაგანდის მიუხედავად, მათ დააფიქსირეს თავიანთი ერთგულება ევროპული მისწრაფებებისადმი. თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ამ შეზღუდვას ძალის კონსოლიდირებისთვის,“ - აღნიშნა მან.


მისი განცხადებით, საგარეო მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი ამოცანა აქვს:

„გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვინაიდან საქართველო იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ეს მომავალი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნეს არავის მიერ ხელყოფილი. გავუგზავნოთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, - თუ საქართველო ამ გზაზე გააგრძელებს სვლას, ამას ექნება შედეგები.“


გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრი მიღწევა აქვს საქართველოს, რაც 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებით დაგვირგვინდა, - და არსებობს რეკომენდაციები, რისი შესრულებაც ევალება ქვეყანას.

„თუმცა წარსული მიღწევები ერთი ხელის მოსმით შეიძლება იქნას განადგურებული. ცალსახად მინდა გითხრათ: კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს პროგრესს შეაფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ლიეტიველმა დიპლომატმა.


ლანდსბერგისის თქმით, თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

„მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება. ამ კანონის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რაიმე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლების ცნობით.


„თქვენ ვერ გაალამაზებთ რაღაცას, რაც არის ჩვენი ღირებულებების საწინააღმდეგო. საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა სტრასბურგში თავის განცხადებაში, მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი,“ - ასე დაასრულა ლანდსბერგისმა სიტყვა ორბელიანების სასახლეში.


„მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად,“ განაცხადა თავის მხრივ, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ. მისი თქმით, დღეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოვიდა სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

„მე წარმოვადგენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ღირებულებების დაცულობის ბენეფიტებით, რომლებსაც ემუქრება აღნიშნული კანონმდებლობა და რასაც ის სინამდვილეში გულისხმობს. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ და გვხვდა იმის ბედნიერება, გვემუშავა ბალტიის ქვეყნებთან და უშუალოდ გვენახა მათმა მოგზაურობამ როგორ მოიტანა კეთილდღეობა მათ საზოგადოებაში.

ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს, მისი ლიდერებისა და მისი ხალხისადმი პატივისცემით. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ საქართველო მივიჩნიოთ იმ სამყაროს ნაწილად, რომელიც გამოდის თავისუფლებებისა და უფლებებისთვის, რასაც თავს ესხმის რუსეთი და რაც არის ასახული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერაში, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ გზას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად.“


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“


დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არის წარსულსა და ევროკავშირისკენ გზას შორის არჩევანის სიმბოლოა. ლიეტუველმა მინისტრმა კი, აღნიშნა, რომ ეს კანონი გააჩუმებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხმას იმაღლებს ხელისუფლების წინაშე. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს მათ გზავნილს, რომ უკან წაიღოს შემოთავაზებული კანონი.


„ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია - ჩვენ შეიძლება, ევროკავშირში შევსულიყავით ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ასე რომ, ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ, გზა არ არსებობს, და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას. იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს გააკეთეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად, და ჩვენ მზად ვართ. ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის,” - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და აღნიშნა, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან.


მიინსტრებმა ხაზი გაუსვეს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას.

„თუ ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს განსხვავებული რამ, ასეთ პირობებში კომპრომისი არ მოხდება.

ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, ერთი ფეხით მოსკოვში ვერ იქნები,“ უპასუხა ლანდსბერგისმა მედიის შეკითხვას.


„მათ ასევე უპასუხეს შეკითხვას „გლობალური პარტიის“ შესახებ.

„ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია."


ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არ მგონია, რაიმე სარგებელი ჰქონდეს ამაზე [გლობალური ომის პარტიაზე], რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვფიქრობ, ეს თავისთავად პასუხია.“


კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც.

„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ,” განაცხადა თბილისში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა.