რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო, რის შემდეგაც პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.
ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
როგორც ცნობილია, მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები რამდენიმე ხელშეკრულებასა და დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შემდეგ ლიდერები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას და პრესასთან საუბარს გეგმავენ. გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრის, ლი ჩიანგს შეხვედრა.
პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ცვალებად საერთაშორისო გარემოს გაუძლო და მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისთვის ეტალონად იქცა.
„მიმდინარე წელს აღინიშნება ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობით და ორმხრივი სარგებლით,“ - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარება არამხოლოდ ორი ქვეყნისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, არამედ, სარგებლის მომტანია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
„ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთისთვის კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავამყაროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთობლივად დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა,“ - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
BBC-ის ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს და ჩინეთს სურდათ "უკრაინის კრიზისის" პოლიტიკური გადაწყვეტა, ხოლო სი ძინპინი მოუწოდებდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ირგვლივ ომის ორი სახელმწიფოს პრინციპის გადაწყვეტას. პეკინს ადანაშაულებენ მოსკოვისთვის ისეთი კომპონენტების მიწოდებაში, რასაც მოსკოვი უკრაინაში ომისთვის იყენებს. ჩინეთს დღემედე არ დაუგმია ომი უკრაინაში.
უკრაინის ომის შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთსა და რუსეთს შორის გაიზარდა. 2021 წლიდან, კონფლიქტის დაწყებამდე ერთი წლით, ვაჭრობა 64%-ით გაიზარდა; 2023 წელს - 240 მილიარდ დოლარამდე (189 მილიარდი ფუნტი).
ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობა დაადანაშაულა პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის მნიშვნელოვანი, პირდაპირი და მატერიალური დახმარების გაწევაში. ჩინეთის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის „პოლიტიკური გადაწყვეტა“ უნდა მოხდეს. გასულ წელს გამოქვეყნებული ჩინეთის სამშვიდობო წინადადებები გააკრიტიკეს როგორც კიევმა, ასევე, მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა.