უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 17 მაისს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს, ნებაყოფლობით იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში.
ასეთ პატიმართა სიაში არ შედიან განზრახ მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ნარკოტიკების ვაჭრობისა და წარმოების, ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ანტიკორუფციული საპარლამენტო კომიტეტის წინადადებებზე დაყრდნობით, ღონისძიება სიიდან ასევე გამორიცხავს კორუფციისთვის დაპატიმრებულ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს.
ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მობილიზებული პატიმრები სპეციალურ ქვედანაყოფებში იმსახურებენ. გარდა ამისა, ჯარში მათი სამსახურისთვის საჭირო იქნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნა და მეთაურის მზადყოფნა ასეთი მებრძოლის მიღების თაობაზე.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ადრე განაცხადა, რომ პოტენციურად უკრაინაში ამჟამად არის 10-დან 20 ათასამდე მსჯავრდადებული, რომელთა მობილიზებაც არის შესაძლებელი საკონტრაქტო სამსახურისთვის.
აპრილის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ამ კანონით, სამხედრო სამსახურში შეიძლება, გაიწვიონ პირობითი ვადით მსჯავრდადებულები, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.