„უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება... აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელიც 31 მაისს პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს. პრაღაში ეს შეხვედრა ტარდება ჩერნინის ისტორიულ სასახლეში, რომლის თავზეც ჩეხეთის, უკრაინისა და NATO-ს დროშები ფრიალებს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი, აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის ემხრობოდა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებაზე არასოდეს შემოუღია რაიმე შეზღუდვა.
"საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის ყველანაირი უფლება," - განაცხადა სიკორსკიმ.
ანალოგიური გზავნილით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
მანამდე, 30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. ინფორმაცია აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ Kyiv Independent-ს პრეზიდენტ ზელენსკის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. ამის საპირისპიროდ, პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა 30 მაისს განაცხადა, რომ არ შესულა ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში აკრძალვასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად მას არ უხსენებია ხარკოვის ოლქი.
„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა შეიძლება, ეფექტიანი იყოს ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებზე ფოკუსირებით, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კონფლიქტზე მის საზღვრებში, რუსეთის შიგნით უფრო დიდი გეოპოლიტიკურ მიზნებზე წასვლის გარეშე,“ - აღნიშნა სინგმა.
უფრო ადრე უკრაინამ თხოვნით მიმართა აშშ-ს, მიეცა უფლება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, დაიცვან უკრაინის ქალაქები რუსეთის ტერიტორიიდან წარმოებული თავდასხმებისგან.
NATO-ს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, არ ემხრობოდა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას. უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, იტყობინება Deutsche Welle 31 მაისს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით.