რა გაძვირდა და რა გაიაფდა

წელს მომხმარებელს 2 ლარით მეტის გადახდა უწევს პროდუქტებში, რომლებშიც გასულ წელს 100 ლარს ხარჯავდა. განახლებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. მაისში წლიური ინფლაცია 2% იყო.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე, ხილსა და ტკბილეულზე.


საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი).


ბოლო ერთ წელში ფასები ყველაზე მეტად, 12,3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა.

ავტომობილის რეცხვა გაძვირდა 41%-ით;
ბენზინი - 32%-ით;
ავტომობილის შეკეთება 16%-ით.


7,7-პროცენტიანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში.

რესტორანში ხინკალი გაძვირდა 12%-ით;
ყავა კაფეში - 12%-ით;
ლუდი კაფეში - 5%-ით;
ხაჭაპური რესტორანში - 5%-ით.


ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა ჯამში 3,5 პროცენტით:

ლუდი - 10%-ით;
ჩამოსასხმელი ღვინო 8%-ით.

ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნიორზე - 99%-ით;
მწვანილზე - 68%-ით;
ატამზე - 66%-ით.


„ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.