„რაც საქართველოში ვნახეთ, წინააღმდეგობაა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონისადმი“ - მილერის პასუხი რუსულ პროპაგანდაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვას რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდის შესახებ, მათ შორის, საქართველოში. „კრემლი ასევე იმეორებს საქართველოს მთავრობის პროპაგანდას.


„დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან გავიგეთ, რომ „აშშ ოქტომბერში „გეგმავს“ ახალი მაიდნის განხორციელებას საქართველოში.“ გაქვთ ამაზე პასუხი?“ მიმართა ჟურნალისტმა უწყების პრესსპიკერს.


„ვფიქრობ, პასუხი, რომელიც ახლახან გავეცი დეზინფორმაციის შესახებ, რომელსაც კრემლიდან ხედავთ, ალბათ, აქაც კარგად გამოდგება. ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. მას არანაირი საერთო არ აქვს შეერთებულ შტატებთან,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა.


მანამდე მან უპასუხა შეკითხვას ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ: „ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გაზრდის შესახებ. როგორია თქვენი შეშფოთების დონე ამ ცნობებთან დაკავშირებით?“


„ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვიყავით რუსული დეზინფორმაციით. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბრის თემა გასულ კვირას პრაღაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რაც მდივანმა წამოწია და არამხოლოდ წამოწია, არამედ, შემდეგ მოისმინა მნიშვნელოვანი შეშფოთება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მთავრობა იყენებს დეზინფორმაციას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის მთავრობა იყენებს დეზინფორმაციას სიცრუისა და ჭორების გასავრცელებლად ევროპასა და მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ამაზე რეაგირების საუკეთესო გზების შესახებ,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა.


ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. გალუზინი ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების "მაიდანის სცენარით" ცვლილება და რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერის შექმნა სურს. 


შეგახსენებთ, გასული წლის 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.


ამავე თემაზე: