ბაიდენი და მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.  შესაბამის განცხადებას აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ავრცელებენ. ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“


„ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ქართველი ხალხის გვერდით დგანან. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.


შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.

18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.
მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“
24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.

24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“
27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.
3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა.
3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა.


ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ.

ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა. სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში, ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად,” - განაცხადა მილერმა.
6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა.