აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 2024 წლის 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა საუბრები გამართოს დემოკრატიულ მმართველობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, და მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობაზე.


„საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონპროექტებთან და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. ის [ზეია] ნათლად ახსნის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობები დააზიანა.


სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებისადმი.


დამატებით, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი.


სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნდა და იმართება,” - ნათქვამია განცხადებაში.


რაც შეეხება სომხეთს, უწყების ცნობით, ერევანში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აშშ-სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების, კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმის სფეროებში წინსვლის განსახილველად.


5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

შეგხსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“


არჩევნები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ.



შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.