მოკრინის კვანძთან, BRUA-ს მილსადენთან (Petrovaselo east of Timișoara in Romania) დაკავშირებით, სერბეთი ბუნებრივი აირით მომარაგების კიდევ ერთ წყაროს მიიღებს. რუმინეთმა და სერბეთმა გაზის ინტერკონექტორის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუჯა და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრი დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩი ესწრებოდნენ. ორმხრივი გაზსადენი სერბეთში 13 კილომეტრი და რუმინეთში 86 კილომეტრი, მისი სიმძლავრე კი, წელიწადში 1,6 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. სერბული მონაკვეთი 2027 წლისთვის დასრულდება.
რუმინეთი და სერბეთი ფაქტობრივი მშენებლობის დაწყებას მომავალ წელს აპირებენ. ეს პროექტი მთავარ ნაბიჯად განიხილება ორივე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ბაზრების რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებით, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
„დღეს რუმინეთმა და სერბეთმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემების ურთიერთდაკავშირებისთვის. მემორანდუმი არის საფუძველი, რომ ორივე ქვეყანა დაიწყებს BRUA-Mokrin-ში ინვესტიციას. ამავდროულად, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ელექტროენერგიის ურთიერთკავშირების დასაჩქარებლად,“ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჯამ.
მისივე თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული სისტემების დეინსულარიზაცია და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია - ასევე, რუმინეთის პოზიციონირება, როგორც რეგიონული ლიდერის ენერგეტიკულ სექტორში და გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარანტის ფუნქცია, უმნიშვნელოვანესია.
„ეს კომბინირებული ელემენტები, ისევე როგორც თავად ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ქმნის ნდობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და მთელი რეგიონის განვითარებას,“ აღნიშნა მინისტრმა.
თავის მხრივ, ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა გამოაცხადა ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მორიგი ეტაპის დასაწყისი და აღნიშბა, რომ ის ხუთ ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„სერბეთი ხდება შეუცვლელი სატრანზიტო ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როდესაც საქმე ეხება გაზის მიწოდებას,“ აღნიშნა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი ასევე ხელს უწყობს ე.წ. ვერტიკალური გაზის დერეფანს. ინიციატივა საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, მოლდოვისა და უკრაინის დაკავშირებას ითვალისწინებს.