ზანგეზურის დერეფნის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, ირანმა, კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა მუხთაბა დემირჩილუმ, ირანში რუსეთის ელჩ ალექსეი დედოვთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილა. ირანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი გამოიძახა.
"ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ურთიერთპატივისცემა კავკასიის ქვეყნებს შორის გადამწყვეტია გრძელვადიანი მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის მისაღწევად," -აღნიშნა დემირჩილუმ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ დემირჩილუმ რუსეთის ელჩთან ალექსეი დედოვთან განიხილა „მისი შეხედულებები კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ სამინისტროს განცხადებაში მოყვანილია დემირჩილუს განცხადება, რომ „თეირანი რეგიონში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინააღმდეგია.“
„ირანელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის ყველა ქვეყნის ლეგიტიმური შეშფოთებისა და ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დემირჩილუ დედოვს შეხვდა ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის მთავრობა დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების „საბოტაჟში.“
ბრალდებამ მოსკოვსა და ერევანს შორის ახალი სიტყვიერი ომი გამოიწვია, რამაც გააძლიერა დაძაბულობა ორ დაშორებულ მოკავშირეს შორის. ლავროვმა ეს განცხადება ორშაბათს გაიმეორა.
ის და სხვა რუსი ოფიციალური პირები მიუთითებენ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პუნქტზე, რომელმაც შეაჩერა ომი მთიან ყარაბაღში.
მასში ნათქვამია, რომ ერევანი „გარანტიას იძლევა სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოებას“ ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის და ასევე ითვალისწინებს, რომ რუსი „მესაზღვრეები“ „გააკონტროლებენ“ ხალხის, მანქანებისა და საქონლის გადაადგილებას სომხეთის სიუნიკის პროვინციის გავლით.“
ბაქოს სურს, რომ ხალხი და საქონელი, რომლებიც ნახიჩევანს შორის აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, სომხეთის სასაზღვრო კონტროლისგან გათავისუფლდეს.
სომხური მხარე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ჩვეულებრივი სატრანსპორტო კავშირები, რაც მათ ტერიტორიებზე გამავალ ყველა სატრანზიტო მარშრუტზე სრული კონტროლის გარანტი იქნება. ლავროვი იანვარში ამბობდა, რომ ერევანს "არ სურს ნეიტრალური საზღვრის და საბაჟო კონტროლი" სიუნიქში, ერთადერთ სომხურ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ირანს.
ირანი ასევე ეწინააღმდეგება ბაქოს მიერ მოთხოვნილ ექსტრატერიტორიულ „ზანგეზურის დერეფანს.“ მისმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის პოზიცია, როდესაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 30 ივლისს. „ზანგეზურის დერეფანი "საზიანო იქნება სომხეთისთვის," აღნიშნა ხამენეიმ.
„ჩვენ ვნახეთ ირანის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც გამოხატავდნენ შეშფოთებას „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის იდეის შესახებ და ხსნიდნენ ამ დამოკიდებულების მიზეზებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გასულ კვირას. ზახაროვამ არ უთქვამს, არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსკოვსა და თეირანს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით.