ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს პირველ გლობალურ ხელშეკრულებას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც ასევე შეუერთდა საქართველო. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს.
5 სექტემბერს, ევროპის საბჭომ ხელმოსაწერად გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ შეთანხმდა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან. ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროსაბჭომ გამოაქვეყნა.
ევროპის საბჭოს განმარტებით, ეს არის პირველი საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერეს ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან მარინომ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ისრაელმა, აშშ-მ და ევროკავშირმა.
გლობალურ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები საკუთარ თავზე ლეგალურ ვალდებულებებს აიღებენ. ხელშეკრულება 57 სახელმწიფოს შორის მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის რისკებთან ერთად, ინოვაციების პასუხისმგებლიან ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.
„ეს კონვენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფისას, არ მოხდება ჩვენი უძველესი ფასეულობების ეროზია, როგორიცაა - ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შაბანა მაჰმუდმა, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იმუშავებს მარეგულირებლებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები დაინერგოს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და ინოვაციებს, ხოლო აკონტროლებს რისკებს, რაც მან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძირს კი არ გამოუთხრის ჩვენს სტანდარტებს, არამედ - დაიცავს მათ. ჩარჩო კონვენცია შექმნილია სწორედ ამის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნა ბურიჩმა.
ცნობისთვის, კონვენცია ყურადღებას ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა ეხება. ის რამდენადმე განსხვავდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისგან, რომელიც გასულ თვეში ამოქმედდა. ევროკავშირის აქტი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, დანერგვას და მისი სისტემების გამოყენებას არეგულირებს.
ევროპის საბჭო 1949 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოვალეობა დააკისრა. მასში 47 სახელმწიფო შედის, რომელთა შორისაა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.