ჯაფაროვი: ბაქო-თბილისი-ყარსი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის. ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია Alliance Multimodal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ჯაფაროვმა განაცხადა. ჯაფაროვმა ეს განცხადება შავი და კასპიის ზღვების საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სესიაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ BTK როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო კერა, პოზიციის განმტკიცებას აგრძელებს.


„ის უკვე არის ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტების ცენტრი. BTK სარკინიგზო მარშრუტი წარმოადგენს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას შორის ტვირთების ტრანზიტის მთავარ რგოლს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვის მთავარ პორტებს გლობალურ ბაზრებთან,“ - აღნიშნა ჯაფაროვმა.


20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება.


„ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა.


BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი.


რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.